ახალი ამბები

28 ნოემბერი, 2016

საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 25 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანის  კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №809). მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მერვე პუნქტებთან მიმართებით. 

მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ დაცვის მხარე უფლებამოსილია, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს  საპროცესო მოქმედების - ჩხრეკა/ამოღების ჩატარების შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე და ამ გზით მოიპოვოს სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი დაცვის მხარეს ავალდებულებს, მისი შუამდგომლობით ამოღებული მტკიცებულება პირველადი გამოკვლევისთვის გადასცეს ბრალდების მხარეს. მათ შორის საკუთარი თავის საწინააღმდეგო მტკიცებულებებიც. აღნიშნული დებულება კი პოტენციურ საფრთხეს შეიცავს, დაარღვიოს მომჩივნის თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლება.

მოსარჩელის მითითებით, მას და მის წარმომადგენელს სადავო ნორმით დადგენილ კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ხელი არ მიუწვდებათ, რადგან სადავო ნორმები სპეციალურ სუბიექტად მხოლოდ პროკურორს მოიაზრებს. სარჩელში აღნიშნულია, რომ ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია ის საკანონმდებლო რეგულირება, როდესაც კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძვლიანობას ამოწმებს სასამართლო, იმავე შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმების უფლებამოსილება გააჩნდეს პროკურორს და ეს უკანასკნელი წყვეტდეს, მიმართავს თუ არა სასამართლოს აღნიშნული შუამდგომლობით. აღნიშნული ეწინააღმდეგება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.